ისრაელში, ქალაქ ტირაში არაბებმა მანქანებით გზები გადაკეტეს (ვიდეო)
18/05/2021 06:42:48 მსოფლიო
ისრაელში, ქალაქ ტირაში არაბებმა მანქანებით გზები გადაკეტეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქალაქში გადაადგილება დაბლოკილია.
მისივე ცნობით, აღნიშნული საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში განხორციელდა, რომლისკენაც დღეს არაბებს "ისრაელის არაბი მოქალაქეების კომიტეტმა" მოუწოდა.
השביתה בחברה הערבית: תושבים חוסמים את היציאה מטירה(אורלי אלקלעי) pic.twitter.com/Mvj85Tttlw
— כאן חדשות (@kann_news) May 18, 2021
9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში თითქმის უწყვეტად გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.
9 დღეში კონფლიქტს 222 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


