
„დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების თავშეკავება, რომელიც გამართლებულად არ მიმაჩნია“
18/07/2019 14:30:44 სხვა, საზოგადოება
ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და „ასევე მოულოდნელია ის თავშეკავება, რასაც დასავლელი პარტნიორები იჩენენ“.
"დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს. დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჯერ–ჯერობით, თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა, შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ველოდებით, იმედი გვაქვს რომ რაიმე იქნება. თუმცა, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია, ლავროვის და პუტინის მოთხოვნითაც კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არხის – "რუსთავი 2"-ის. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტორი, რაზეც გითხარით, ის ცოტა დამაბნეველია. მაინცდამაინც ვერ ჯდება ჩემთვის იმ ფასეულობებთან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო, არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში... ისე გადააფორმეს "რუსთავი 2" როგორც 2-ოთახიანი „ხრუშჩოვკა“, ერთ საათში, ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა ამ ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ტელეარხის გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის მდგომარეობა და ზოგადად, მედიის მდგომარეობა და დემოკრატიის, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
კონტრაქტზე ვიდავებ ჩვეულებრივად და მოვიგებ, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე არა, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც, ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება, ვიდავებ, წავალ, მაგრამ ამას სჭირდება დრო.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს - ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ ეს სიტუაცია ერთ დღეში ამოტრიალდება. ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება, ეს მგონი, არ არის რთული საპროგნოზო“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.
იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას
ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"
გვარამია „რუსთავი 2“-ის დირექტორობიდან გადააყენეს და პაატა სალია დანიშნეს