ბლინკენის თქმით, აშშ ისრაელისგან "დეტალებსა და გამამართლებელ არგუმენტებს" ითხოვს, რატომ დაბომბეს შენობა ღაზაში, რომელიც საერთაშორისო მედიასაშუალებების ოფისები იყო განთავსებული
17/05/2021 12:27:35 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის აცხადებს, რომ აშშ ისრაელისგან ითხოვს "დეტალებსა და გამამართლებელ არგუმენტებს", რატომ დაბომბეს შენობა ღაზაში, რომელიც საერთაშორისო მედიასაშუალებების ოფისები იყო განთავსებული.
"ისრაელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარი თავდაცვის დროს და ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ჟურნალისტებს”, - განაცხადა მან კოპენჰაგენში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
15 მაისს ისრაელმა ღაზას სექტორში დაბომბა კორპუსი, რომელშიც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. სანამ საჰაერო დარტყმას მიიტანდნენ, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები 30 წუთით ადრე გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა. აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა. ტელეკომპანია Al-Jazeera-სა და გამოცემა Associated Press-ის თანახმად, აწ უკვე დანგრეულ კორპუსში მათი ოფისებიც იყო განთავსებული. მოგვიანებით, ისრაელის არმიამ თქვა, რომ შენობაში განთავსებული იყო “ჰამასის” სამხედრო აქტივები. BBC-სთან საუბრისას შენობის მფლობელმა ეს ინფორმაცია უარყო.
ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში გრძელდება. როგორც ღაზაში აცხადებენ, "გუშინდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო". ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს გუშინ 42 პირი, მათ შორს, 16 ქალი და 10 ბავშვი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 197 ადამიანი, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.
ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა – დაბომბა დაახლოებით 80–მდე სამიზნე, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. როგორც ისრაელი აცხადებს, დღეს დილიდან მისი მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს.
ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


