Accentnews.ge
ბლინკენი – ისარელსა და ღაზას: "დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვები. ამ კუთხით ისრაელს, როგორც დემოკრატიას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია"

ბლინკენი – ისარელსა და ღაზას: "დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვები. ამ კუთხით ისრაელს, როგორც დემოკრატიას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია"

17/05/2021 12:12:12 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს, თავიდან აიცილონ უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლი.

"ორივე მხარეს მოვუწოდებ, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვები. ამ კუთხით ისრაელს, როგორც დემოკრატიას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია", – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს ისრაელ–ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტას.

”ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ დიპლომატიას, რომ ძალადობის ამჟამინდელი ციკლი დასრულდეს. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან", - განაცხადა მან კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბლინკენის თქმით, "პალესტინისა და ისრაელის ხალხს აქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ"

”ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ჟურნალისტები და სამედიცინო პერსონალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ", – დასძინა ბლინკენმა.

15 მაისს ისრაელმა ღაზას სექტორში დაბომბა კორპუსი, რომელშიც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. სანამ საჰაერო დარტყმას მიიტანდნენ, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები 30 წუთით ადრე გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა. აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა. ტელეკომპანია Al-Jazeera-სა და გამოცემა Associated Press-ის თანახმად, აწ უკვე დანგრეულ კორპუსში მათი ოფისებიც იყო განთავსებული. მოგვიანებით, ისრაელის არმიამ თქვა, რომ შენობაში განთავსებული იყო “ჰამასის” სამხედრო აქტივები. BBC-სთან საუბრისას შენობის მფლობელმა ეს ინფორმაცია უარყო.

ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში გრძელდება. როგორც ღაზაში აცხადებენ, "გუშინდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო". ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს გუშინ 42 პირი, მათ შორს, 16 ქალი და 10 ბავშვი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 197 ადამიანი, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა – დაბომბა დაახლოებით 80–მდე სამიზნე, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. როგორც ისრაელი აცხადებს, დღეს დილიდან მისი მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ.

ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S