ისრაელ–ღაზას უწყვეტი იერიში – ამ დროისთვის ორივე მხარეს 60 ბავშვია დაღუპული (ვიდეო)
17/05/2021 08:53:59 მსოფლიო
ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში გრძელდება. ორივე მხარეს მცხოვრები რიგითი მოქალაქეები BBC-სთან ჰყვებიან, როგორ დაისადგურა ირგვლივ შიშმა.
ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.
როგორც ღაზაში აცხადებენ, "გუშინდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო". ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს გუშინ 42 პირი, მათ შორს, 16 ქალი და 10 ბავშვი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 197 ადამიანი, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელი, ქალაქი შდეროტი.
ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლს ღაზადან გასროლილი რაკეტა დაეცა.
"ბანაობას ვაპირებდი, როცა გაისმა სირენების ხმა. ძალიან შემეშინდა. სამი თვის ფეხმძიმე ვარ. თავი მისაღები ოთახის კუთხეს შევაფარე", – ჰყვება სარიტ ვაიზმენი, რომელიც დაბომბილი სახლის მეზობლად მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ღაზას სექტორი

ფოტო:The New York Times, ღაზა , პალესტინელი ბიჭი საკუთარი სახლის ნანგრევებთან
"ისრაელის მხრიდან საჰაერო შეტევას ჩემი ძმის ყველა შვილი ემსხვერპლა. დაიღუპა ბავშვების დედაც. 4 შვილის და დედა. ორი ბიჟი და ორი გოგო. მათი ასაკი 2–დან 11 წლამდე მერყეობდა", ჰყვება აბუ ანასი.
13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.
ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა – დაბომბა დაახლოებით 80–მდე სამიზნე, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. როგორც ისრაელი აცხადებს, დღეს დილიდან მისი მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს.
ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


