
ისრაელი მსხვერპლის თაობაზე იუწყება და ღაზაში აცხადებენ, რომ "გუშინდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო"
17/05/2021 06:39:00 მსოფლიო
ისრაელსა და ღაზას შორის უწყვეტი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება.
როგორც ღაზაში აცხადებენ, "გუშინდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო". გარდა ამისა, ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად განადგურდა, სულ მცირე, 3 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი დაბომბა. მისივე ინფორმაციით, "სამხედრო თვითმფრინავებმა 20 წუთის განმავლობაში 35 ტერორისტულ სამიზნეზე მიიტანეს იერიში".
როგორც BBC იუწყება, გვირაბის ნგრევას მოჰყვა სახლების ნგრევაც, რომლებიც გვირაბის თავზე მდებარეობდა.
ფოტო: Reuters. ღაზაში მაშველებმა ნანგრევებიდან 6 წლის ბავშვი ამოიყვანეს
ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს გუშინ 42 პირი, მათ შორს, 16 ქალი და 10 ბავშვი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 197 ადამიანი, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
ფოტო: Reuters. ისრაელი, ქალაქი აშკელონი, ბავშვები თვაშესაფარში ღაზადან სარაკეტო იერიშის დროს
13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.
ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა – დაბომბა დაახლოებით 80–მდე სამიზნე, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. როგორც ისრაელი აცხადებს, დღეს დილიდან მისი მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს.
ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.