"შავი სოკოს" მომაკვდინებელი დაავადების გავრცელების არეალი ინდოეთის საზღვრებს გასცდა
17/05/2021 06:05:32 მსოფლიო
მუკორმიკოზი იგივე "შავი სოკოს" მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც პირველად, ინდოეთში კოვიდ–ინფიცირებულ და კოვიდ–გადატანილ პირებში ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა, ქვეყნის საზღვრებს უკვე გასცდა.
კერძოდ, "შავი სოკოს" შემთხვევების შესახებ იუწყება პაკისტანიც. "მუკორომიკოზის, სულ მცირე, 5 შემთხვევა დაფიქსირდა COVID-19-ის მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ", – აცხადებენ პაკისტანელი მედიკოსები. მათივე ცნობით, დაავადებულთა უმეტესობა დაიღუპა.
რა არის მუკორმიკოზი იგივე "შავი სოკო"
მუკორმიკოზი არის ძალიან იშვიათი ინფექცია, სოკოვანი დაავადება. იგი ყველაზე ხშირად დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ესხმის თავს, მათ შორის, დიაბეტის მქონეებსა და იმუნური სისტემის დამასუსტებელ მედიკამენტებზე მყოფ ადამიანებს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მუკორმიკოზს ობის სოკოების ჯგუფი, მუკორმიცეტები იწვევს, რომლებიც ნიადაგსა და გახრწნის პროცესში მყოფ ორგანულ ნივთიერებებში იზრდება (ფოთლები და ხეები).
ობის სოკო სხეულში გაჭრილი ან გახეხილი კანიდან აღწევს. ინფექცია სოკოს სპორების შესუნთქვის შემდეგ შეიძლება, სინუსებსა და ფილტვებშიც მოხვდეს. სხეულში მოხვედრის შემდეგ კი, სოკო ხანდახან სისხლში ვრცელდება და სხვა ორგანოებს, მაგალითად, ტვინს, თვალებსა და გულს დიდ ზიანს აყენებს.
ინფექციის ადრეულ ეტაპებზე პაციენტებს ცხვირიდან სისხლის დენა, თვალების შესიება, ჩაცვენილი ქუთოთოები და ბუნდოვანი მხედველობა აწუხებთ. ცხვირის გარშემო კანზე შესაძლოა შავი ლაქებიც გაჩნდეს.
მუკორმიკოზის მზარდი შემთხვევები ინდოეთში
ინდოელი მედიკოსების თქმით, კოვიდ–ინფიცირებულ და კოვიდ–გადატანილ პირებში მუკორმიკოზის პირველი შემთხვევები აპრილში გამოვლინდა. ამჟამად დაავადება ქვეყნის რამდენიმე შტატში, მათ შორის, მაჰარაშტრასა და გუჯარათშიც ცირკულირებს.
ექიმები აცხადებენ, რომ შემთხვევათა მატება შესაძლოა, ჰოსპიტალიზირებულ კოვიდ-პაციენტებში სტეროიდების გამოყენებას უკავშირდებოდეს, რადგანაც ეს წამლები იმუნურ სისტემას აქვეითებს. დიაბეტის მქონეები კი სტეროიდების მიღებამდე უკვე გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.
"დიაბეტი იმუნურ სისტემას აქვეითებს, კორონავირუსი ამ პროცესს ამწვავებს, შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული სტეროიდები კი ცეცხლზე ნავთის დასხმასავით მოქმედებს", - აცხადებს BBC-სთან ერთ-ერთი ინდოელი ექიმი.
მედიკოსების თქმით, მუკორმიკოზით დაავადების შემთხვევაში პაციენტის გარდარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად მკურნალობენ მას. მათივე ცნობით, კივდილიანობის მაჩვენებელი 50დან 90%–მდე მერყეობს.
რაც შეეხება კოვიდ–ინფიცირების გავრცელებისა და დაავადებით სიკვდილიანობის კუთხით არსებულ ვითარებას, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ამ მიმართულებით ყველაზე მძიმე მდგომარეობა ინდოეთშია.


