Accentnews.ge
ნეთანიაჰუ -ბაიდენს: "ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან ავიცილოთ"

ნეთანიაჰუ -ბაიდენს: "ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან ავიცილოთ"

15/05/2021 19:37:01 მსოფლიო

ისრაელის მიერ ღაზაში იმ შენობოს აფეთქების შემდეგ, რომელშიც საერთაშორისო მედიასაშუალებების ოფისები იყო განთავსებული, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

"პრემიერმა ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს,რათა უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლი აიცილოს თავიდან. ნეთანიაჰუმ აცნობა ბაიდენს, რომ შენობაში ტერორისტების აქტივები იყო განთავსებული და აფეთქებამდე ევაკუაციისთვის ხალხს დრო მისცეს. ამასთან, პრემიერმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის თაობაზე განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელა.

მისი ცნობით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. ამასთან ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიმდინარე შეტაკებებმა პალესტინისა და ისრაელის რიგითი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები იმსხვერპლა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება. მან შეშფოთება გამოთქვა ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებებისა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული მოვლენების გამო.

"ბაიდენის თქმით, მხარს უჭერს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც პალესტინელებისთვის ღირსების , თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს, რასაც პალესტინის ხალხი იმსახურებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ბაიდენმა სატელეფონო საუბარი პალესტინის ლოდერთანაც გამართა, ამ უკანასკნელმა დიალოგს "მნიშვნელოვანი" უწოდა.

ბაიდენმა პალესტინის ლიდერთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება უნდა შეწყვიტოს.

ცნობისთვის: 9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. კერძოდ, ხსენებული პერიოდიდან დღემდე ისრაელის თქმით, დაღუპულია 10 პირი, მათ შორის ერთი ბავშვია. პალესტინელი მედიკოსების ცნობით, მსხვერპლთა რაოდენობა ღაზაში 145–ს აღწევს, მათ შორის 41 ბავშვია.

როგორც პალესტინელი ექიმები აცხადებენ, ისრაელის მიერ ღაზას მიმართულებით წუხანდელ სარაკეტო იერიშს ერთი ოჯახის 10 წევრი, მათ შორის მცირეწლოვანები ემსხვერპლნენ.ამასთან, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 10 პალესტინელი ემსხვერპლა.

პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში გრძელდება შეტაკებები ებრაელებსა და არაბებს შორის. ამ მხრივ განსაკუტრებით რთული ვითარება ქალაქ ლოდშია, სადაც მოსახლეობის 30% არაბია.

ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა".

„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა. ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრასაც გეგმავს.

მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S