ჩინეთი მარსზე ხომალდის დასმას შეეცდება
14/05/2021 19:51:01 მსოფლიო
ჩინეთი პირველად შეეცდება მარსზე ხომალდის დასმას, - იუწყება Business Insider.
მისივე ცნობით, მისია სახელწოდებით Tianwen-1(რაც ჩინურად „შეკითხვები ზეცას“ ნიშნავს) უნდა გახდეს მარსის პირველი მისია, რომლის ფარგლებშიც ხომალდი ჯერ მარსის ორბიტაზე გაიგზავნა, შემდეგ ის წითელი პლანეტის ზედაპირზე დასაჯდომ პლატფორმას ჩაუშვებს, საიდანაც შემდეგ მავალი გადმოვა.
მავალის სახელია „ჟურონგი", რაც მას ძველი ჩინური ცეცხლის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. ბაქანის გაშლას და მარსის ზედაპირზე მავალის გადმოსვლას შეიძლება, კვირაზე მეტი დასჭირდეს.
პირველი ნაბიჯები უკვე შესრულებულია. მისია 2020 წლის ივლისში გაუშვეს და მარსის ორბიტაზე ხომალდი 2021 წლის თებერვალში გავიდა. ახლა ეს ორბიტერი ემზადება კაფსულის გამოსაშვებად, რომელშიც მოთავსებულია დასაჯდომი მოწყობილობა და მავალი.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, Tianwen-1 გაშლის ორბილიკიან ბაქანს, საიდანაც მარსის მიწაზე ექვსთვლიანი მავალი გადმოვა.
გამოცემის ცნობით, ჩინელ მეცნიერთა განცხადებით, მისიის მთავარი მიზანია მთლიანი მარსის ფართო, გლობალური კატალოგიზაცია. მათ შორის იქნება მარსის გეოლოგიური და კლიმატური კვლევა, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების გაზომვა. გარდა ამისა, ეს მისია ჩინეთს სამომავლო მისიაშიც უნდა დაეხმაროს, რომლის ფარგლებშიც, 2020-იან წლებში დედამიწაზე მარსის ქანების ჩამოტანას გეგმავს.


