
რეესტრმა "რუსთავი 2 " ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა
18/07/2019 11:38:37 სხვა, საზოგადოება
საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.
საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია, ტელეკომპანიის 40%-ს კი შპს „პანორამა“ ფლობს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ იუსტიციის სახლში "რუსთავი 2"-ის წილების გადაფორმების საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტების დღეს წარადგინა.
ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.
იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას
ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"