"გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ინდური შტამი ბრიტანულს გადააჭარბებს"
14/05/2021 19:57:14 მსოფლიო
"გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ინდური შტამი ბრიტანულს გადააჭარბებს", – ამის შესახებ ბრიტანეთის წამყვანმა ექიმმა კრის უიტიმ განაცხადა.
”ინდური შტამი უფრო გავრცელებადია, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი. გვაქვს მოლოდინი, რომ ინდური შტამი ბრიტანულს გადააჭარბებს და დომინანტური გახდება", – განაცხადა უიტიმ.
რა ვიცით Covid-19–ის ინდური შტამის შესახებ
ოფიციალური ინფორმაციით, პირველად ინდური შტამი, რომელიც B.1.617–ის სახელითააა ცნობილი, ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსრდა – დიდი ხნით ადრე პანდემიის მეორე ტალღამდე, რომელიც ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს.
B.1.617–ს “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ.
ინდური შტამის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.
მეცნიერების განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კოვიდ–გადატანილი ან კორონავირუსზე ვაქცინირებული პირი ინდური შტამით მაინც დაინფიცირდეს. მათივე ცნობით, რა როლი აქვს ახალ ვარიანტს ვირუსის სწრაფ გავრცელებაში და რამდენად საშიშია იგი ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად შესწავლილი არ არის.
ორმაგი მუტაციური Covid-19–ის შტამი, ამჟამად მსოფლიოს 40–მდე ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, გერმანიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, აშშ–ში, სინგაპურში, ავსტრალიასა და საბერძნეთში უკვე ცირკულირებს.


