მედია – ისრაელ-ლიბანის საზღვართან დაჭრილი ლიბანელი მამაკაცი დაიღუპა
14/05/2021 17:22:58 მსოფლიო
ისრაელ-ლიბანის საზღვართან დაჭრილი 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ლიბანელი ახალგაზრდების ჯგუფმა დღეს ლიბანი-ისრაელის საზღვარზე არსებული ღობე გაარღვია და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა. ისინი ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვას აპროტესტებდნენ. ისრაელელმა მესაზღვრეებმა ახალგაზრდების მიმართულებით გაფრთხილების მიზნით ისროლეს, დაიჭრა ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.
აღნიშნულ შემთხვევას წინ უძღოდა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტის სროლა. ლიბანის ხელისუფლებამ აღნიშნულის გამოძიება დაიწყო, რადგან უცნობია, თუ ვინ იდგა ამის უკან.
ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.


