Accentnews.ge
მეუფე გიორგი - გაგის ციხის ჯვრის დაზიანებაზე: "​ორჯერ განმეორდა ეს ფაქტი და ხელისუფლების სიძლიერეა ეს?!"

მეუფე გიორგი - გაგის ციხის ჯვრის დაზიანებაზე: "​ორჯერ განმეორდა ეს ფაქტი და ხელისუფლების სიძლიერეა ეს?!"

14/05/2021 17:00:14 საზოგადოება

სოფელ გუშჩუში მდებარე გაგის ციხეზე დაზიანებული ჯვარი ისევ აღმართეს. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯვრის დაზიანება რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაა. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას ვანდალიზმის ფაქტებზე დროული რეაგირება უნდა ჰქონდეს.

"შესაბამისმა უწყებებმა იქ უნდა დააყენონ სათვალთვალო კამერები და გუშაგიც უნდა დააყენონ. თუ მესაუბრებით ხელისუფლების სისუსტეზე ეს სიძლიერე არის აბა?! მეორედ განმეორდა ეს ფაქტი და ეს სიძლიერე არის?!",- განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ჯვრის დაზიანების ინფორმაცია13 მაისს მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ეპარქიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ჯვარი მოღუნულია. ეს უკვე ამ კონკრეტულ ადგილზე ვანდალიზმის მეორე ფაქტია.​ მანამდე, რამდენიმე თვის წინ, ჯვარი მოიპარეს და ხელმეორედ აღმართეს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა უცნობია, ჰყავს თუ არა უწყებას დამნაშავეები იდენტიფიცირებულები.

„მთავარ არხთან“ საუბარში სოფელი კუშჩის ერთ-ერთი მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი შუახნის კაცი აცხადებს, რომ "გარკვეული ძალებს არ სურთ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეგობრობა“:

"არც ერთი აზერბაიჯანელი აღმართულ ჯვარს არ შეეხება და ამას წლები ადასტურებს. ამ დიდი ხნის განმავლობაში ჯვარი იყო, თუმცა ხელი არავის უხლია. ბოლო თვეების განმავლობაში კი ფაქტი განმეორდა. ვფიქრობ, ამის უკან ვიღაც დგას. ციხეში აღმართული ჩვენი დროშაა, ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკაა".

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვანდალიზმი ჩაიდინეს.

"ჩვენ არ ვიცით პირველ შემთხვევაში გამოძიება როგორ დასრულდა და სამწუხაროდ არ ვიცით შედეგი, შესაბამისად მეორედაც მოხდა. გუშინ მუსლიმურ სამყაროში იყო რამადანის დღესასწაული, მარხვის ბოლო დღე. მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ამ დღეებში ვინმეს რელიგიური სიმბოლოს მიმართ მსგავსი ვანდალიზმი ჩაედინა",- განაცხადა სამირა ბაირამოვამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) "სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად" შესაბამის უწყებებს მომხდარის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს:

„ჯვარი დამზადებულია ლითონისგან, არის მოცულობითი, მისი აღმართვის დროს გავრცელებული ფოტოების მიხედვით საკმაოდ მძიმეა და მაღალი ალბათობით, შეუძლებელია ხელით, სპეციალური მოწყობილობის გარეშე მისი დაზიანება. ამის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ მომხდარი ფაქტი არ არის შემთხვევითი და არის წინასწარ დაგეგმილი, განზრახი მოქმედება. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, შსს-მ უზრუნველყოს გამოძიების დროული ჩატარება და ქმედებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების იდენტიფიცირება".

ამასთან, ორგანიზაცია იხსენებს ჯვრისა და დროშის მოპარვის რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს და აცხადებს, რომ „ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა მას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია“:

„აღნიშნული ინციდენტის დროული გამოძიება არსებითად მნიშვნელოვანია ამ საკითხით რელიგიური და პოლიტიკური სპეკულირების თავიდან აცილების მიზნით. ცალკეული ულტრაკონსერვატიული, შოვინისტური, კლერიკალური და სამოქალაქო ჯგუფები ბოლო წლებში ცდილობენ მარნეულში სოციალური მშვიდობის დარღვევას და რელიგიური და ეთნიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას“.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს მარნეულის მერიას, პროვოკაციული მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით გაგის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დაამონტაჟოს;

„ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა, ამ პროცესებით სპეკულირების თავიდან აცილების მიზნით, მიიღონ პოზიტიური ზომები თემთა შორის ინტერრელიგიური დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებისთვის“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S