
"ასეთი დაბრმავებულები როგორ ხართ, რომ გვარამიას სიძულვილის გამო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა"
18/07/2019 11:31:59 სხვა, საზოგადოება
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და საზოგადოებას მიმართავს: "ასეთი დაბრმავებულები როგორ ხართ, რომ გვარამიას სიძულვილის გამო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა".
“ეს ოხერი, ასეთი დაბრმავებულები როგორ ხართ, რომ გვარამიას სიძულვილით ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა?!დიახ, რუსთავი 2 იყო და არის ჯერჯერობით ალტერნატიული, კრიტიკული აზრის ფორპოსტი (ვინც არ იცით რას ნიშნავს, დაგუგლეთ)! დიახ, ისინი არც მალავენ, რომ პარტიული ტელევიზიაა, და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ დღეს, ოპოზიციაში, მათი საქმიანობა ფასდაუდებელია! ხელისუფლება კი, როგორც თავის დროზე ნაციონალების მთავრობა, ცდილობს დაადუმოს ყველა კრიტიკოსი, და მოუსპოს ადამიანებს საკუთარ დანაშაულზე და უმოქმედობაზე ინფორმაციის მიღების საშუალება. დიახ, ნეტავ ყველა მეტნაკლებად მსხვილ პარტიას თავის ტელევიზია ჰქონდეს, მაგას რა აჯობებდა? გაიხსენეთ, რამდენი დაფარული, დანაშაულებრივი ფაქტის წინაშე შევიტყეთ რუსთავი ორისგან?! დანაშაულის, რომელიც ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ იყო ჩადენილი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გვარამიას და ნაციონალების სიძულვილით დაბრმავებულ ხალხს არ ესმის: ხელისუფლებას რუსთავი ორის დადუმება კიარა, ჩვენი დაყრუება უნდა!“, - წერს გამსახურდია.
ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა. იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"