ერდოღანი გაერო–სა და მუსლიმ ქვეყნებს მიმართავს
14/05/2021 15:54:03 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს და მუსლიმ ქვეყნებს მოუწოდა, სწრაფად იმოქმედონ, რათა შეაჩერონ ისრაელსა და ღაზას შორის შეტაკებები.
მისი თქმით, თურქეთი მხარს დაუჭერს გაერო–ს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ძალადობის დასრულებისკენ იქნება მიმართული.
„აუცილებელია, გაეროს უშიშროების საბჭომ სწრაფად გადადგას ნაბიჯები იერუსალიმში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად,“– აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, თუკი "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია", რომელიც 57 წევრისგან შედგება და რომელიც თავს მუსლიმური სამყაროს კოლექტიურ ხმას უწოდებს, "დაუყოვნებლივ არ გამოიჩენს კონკრეტულ და ეფექტურ დამოკიდებულებას, ჩაითვლება, რომ მან საკუთარი არსებობა უარყო".
ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.


