"ჯერ არაფერი დასრულებულა. მტრებს ყველგან მივაგნებთ"
14/05/2021 15:43:33 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი" დიდ საფასურს გადაიხდის ისრაელზე თავდასხმისთვის. მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.
"ბოლო დღეს ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამიზნეებზე. „ჰამასი“ ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ და ასე გავაგრძელებთ. ისინი თავს დაესხნენ ჩვენს ქალაქებს. ისინი იხდიან და კვლავაც გადაიხდიან მძიმე საფასურს ამისთვის. ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება აღვადგინოთ ჩვენს ქალაქებში და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეო–მიმართვისას.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ლიდერებს და ყველა სხვას, ვინც მხარდაჭერა შესთავაზა.
„ისინი ემხრობიან ჩვენს ბუნებრივ და აშკარა უფლებას, რომ დავიცვათ თავი იმ ტერორისტებისგან, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და მათ უკან იმალებიან“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.


