Accentnews.ge
დედები ისრაელი–ღაზას კონფლიქტის ზონიდან: "ძნელია, ბავშვებთან დამალო შიში. ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ჩემი სახლი ჩემი შვილების სამარედ იქცეს"

დედები ისრაელი–ღაზას კონფლიქტის ზონიდან: "ძნელია, ბავშვებთან დამალო შიში. ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ჩემი სახლი ჩემი შვილების სამარედ იქცეს"

14/05/2021 10:06:36 მსოფლიო

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყნის 9 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის იერიშებს 119 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 27 ბავშვია.

13 მაისიდან ამ დრომდე ისრაელსა და ღაზას შორის თითქმის განუწყვეტელი იერიშია. მხარეებს შორის ინტენსიური საჰაერო დაბომბვები 9 მაისიდან მიმდინარეობს, თუმცა გუშინდელი დღიდან ისრაელმა ღაზას მიმართულებით საარტილერიო ცეცხლიც გახსნა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრასაც გეგმავს.

პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის, ლოდში, ბათ იამში, აკოსა და ხაიფაში ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები არ ცხრება.

ქალაქ ლოდში, სადაც მოსახლეობის 30% არაბია და მეორე დღეა, „კომენდანტის საათი" მოქმედებს, ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში პოლიციამ 43 პირი დააკავა.

დედები ისრაელი–ღაზას კონფლიქტის ზონიდან

არაბი ნაჯვა შეიხ-აჰმადი ღაზადან

ნაჯვა შეიხ-აჰმადი იგი მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად ღაზაში ცხოვრობს. შვილების ასაკი 11–დან 22 წლამდე მერყეობს.

როგორც ნაჯვა ჰყვება, მას შემდეგ რაც ინტენსიური დაბომბვები განახლდა ფაქტობრივად, არ სძინავს.

"ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც განსაკუთრებით საშიშია ღამე. ნებისმიერ წუთს შეიძლება, შენ გახდე სამიზნე და შენი სახლი შენი შვილების, ოცნებების, მოგონებებისა და ყველაფრის სამარედ იქცეს. მთელი დღე გვესმის ისრაელის ბომბდამშენების ხმა აფეთქებების ხმებთან ერთად. ყველაფერი ძრწის ჩვენს გარშემო და ჩვენც ვძრწით იმიტომ, რომ ძალიან გვეშინია. დაბომბვების დროს მთელი ოჯახი პირველ სართულს ვაფარებთ თავს. შიში, რომ შემდეგი ბომბი შენს სახლს არ დაეცეს, სიტყვებით ვერ გადმოიცემა", – აცხადებს ნაჯვა.

მისი თქმით, ღაზაში ისრაელის შესაძლო სახმელეთო შეჭრა შიშებს უძლიერებს:

"ამ შემთხვევაში ვერ იქნები დაცული. ჩემთვის, როგორც დედისთვის ეს ძალიან საშინელებაა. საერთოდ აღარაფერს ვამბობ შვილებთან არსებულ მძიმე ვითარებაზე. თუმცა ძალიან ძნელია, დამალო შიში. ვიცი, რომ ჩემი მცდელობის მიუხედავად, ბავშვებს მაინც ყველაფერს ხვდებიან. ისინი მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებენ ამბებს, მაშინაც კი, როცა ვეუბნები, რომ არ აკეთონ ეს. ყველაფერი "ინსტაგრამსა" და სოციალურ მედიაში ვრცელდება", – აცხადებს 5 შვილის დედა.

იგი საკუთარი და მისი შვილების ფსიქიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

"საშინელება ხდება და ეს ჩვენს ფსიქიკაზე ახდენს გავლენას. გაუსაძლისია ბავშვების ტირილისა და ყვირილის ხმების მოსმენა. ჩემი შვლილები რომ გაიზრდებიან, რა მოგონებების თაობაზე უამბობენ თავიანთ შვილებს?!".

ებრაელი ტორა ლევი ისრაელის ქალაქ ლოდიდან

"მე და ჩემი მეუღლე 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქალაქ ლოდში ვცხოვრობდით. მას შემდეგ, რაც ქალაქში ებრალებსა და არაბებს შორის დაპირისპირება დაიწყო, მივხვდი, რომ უკვე დრო იყო, ჩემს ოჯახს იქაურობა დაეტოვებინა. წამოსვლის წინა ღამეს, არაბთა გააფრთრებული ჯგუფი ჩემი სახლის სიახლოვეს გადაადგილდებოდა. ირგვლივ ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ. ვფიქრობდი, როგორ დავიცავ ჩემს ოჯახს, კარები რომ შემოამტვრიონ და შემოვარდნენ... შოკისმომგვრელი ვითარება იყო", – ჰყვება ტორა.

მისი თქმით, ამჟამად ნათესავთან ცხოვრობს და არ იცის, შეძლებს თუ არა საკუთარ სახლში დაბრუნებას.

"სწრაფად დავტოვეთ ლოდი. მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნები წამოვიღე. წავედით, რადგან ძალიან შეგვეშინდა დარჩენა. უკვე წამოსულები ჩემს მეზობელს დავუკავშირდი და ვთხოვე ჩემი სახლის კარიდან მეზუზა [მეზუზა – ოთხკუთხა, თავდახურული თხელი ყუთია, რომელშიც ჩასვენებულია სოფერის (წმიდა ტექსტის გადამწერის) მიერ პერგამენტის ქაღალდზე ნაწერი თორიდან „მეორე სჯულის“ ფრაგმენტი და მიმაგრებულია შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს] ჩამოეხსნა. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ისაა, რომ არ ვიცი როგორ ავუხსნა არსებული ვითარება ჩემს მცირეწლოვან შვილებს. ჩემმა ოთხი წლის ვაჟმა იცის, რომ მოხდა აფეთქებები ცუდი ადამიანების გამო. ვერ ვეუბნები მას, რომ არაბები მოგვექცნენ ასე. მსურს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან", – აცხადებს ტორა.

კონფლიქტის ესკალაცია

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S