Accentnews.ge
ისრაელი და ღაზას სექტორი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

ისრაელი და ღაზას სექტორი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

14/05/2021 07:09:12 მსოფლიო

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 9 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 119 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 27 ბავშვია.

ბოლო 24 საათში ისრაელში 2 პირი დაიღუპა. როგორც მედია იუწყება, 87 წლის მოხუც ქალს ჩაეძინა, გამაფრთხილებელი სირენების ხმა გვიან გაიგო და უსაფრთხო თავშესაფრამდე მისვლა ვერ მოასწრო. მეორე მსხვერპლი 50 წლის ქალია, რომელიც თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რაც შეეხება პალესტინელთა მსხვერპლს, გუშინ ბოლო მონაცემებით 100–მდე დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ. Al Jazeera–ს ცნობით, ისრაელის განახლებული იერიშების შემდეგ დედისა და სამი შვილის ცხედარი იპოვეს.

პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის, ლოდში, ბათ იამში, აკოსა და ხაიფაში ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები არ ცხრება.

ქალაქ ლოდში, სადაც მოსახლეობის 30% არაბია და მეორე დღეა, „კომენდანტის საათი" მოქმედებს, ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში პოლიციამ 43 პირი დააკავა.

როგორც ისრაელი იუწყება, 9 მაისიდან დღემდე ღაზას სექტორიდან მისი მიმართულებით 2000–მდე რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში არსებულ სამიზნეებზე 700-მდე სარაკეტო იერიში განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S