„ჰამასის“ ლიდერი პალესტინელებს დღეს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს
14/05/2021 06:36:57 მსოფლიო
„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია პალესტინელებს დღეს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს, – იუწყება Al Jazeera.
მისი ცნობით, „ჰამასის“ ლიდერი მოუწოდებს პალესტინელებს, ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე გამართონ დემონსტრაციები, ისრაელის პოლიციის მიერ ალ-აქსას მეჩეთში მუსლიმი მომლოცველების დარბევისა და ღაზას სექტორში ავიადარტყმების გასაპროტესტებლად.
ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


