„800 000-მდე შემოსვლის მცდელობა იყო“ – გამყრელიძე ტექნიკური ხარვეზის მიზეზებზე საუბრობს
13/05/2021 19:26:57 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის სპეციალურ პორტალზე ტექნიკური შეფერხების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.
"ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია, რამ გამოიწვია[ტექნიკური შეფერხება – რედ.]. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ გუშინ საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია მეორე დოზაზე Sinopharm-ის და ასევე, დაიწია 10 წლით AstraZeneca-ს ასაკმა და გაიხსნა მასზეც რეგისტრაცია, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას, შესაბამისად მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.
ამავე ეთერში მან Sinopharm-ის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნახევარი მილიონი დოზა სავარაუდოდ, ქვეყანაში ზაფხულში შემოვა.
"საქართველოში არის 50000 გადანახული Sinopharm-ის ვაქცინის დოზა, რომლითაც მეორე აცრა უნდა ჩაუტარდეთ, ვინც პირველი აცრა Sinopharm-ით ჩაიტარა. დღეს დილისთვის, 17 000 -ზე მეტმა ჩაიტარა უკვე ამ ვაქცინით იმუნიზაცია და ჯავშანი აქვს 26 000 ადამიანს, აქედან 24 000 პირველ დოზაზე. ამჟამად კლინიკებში და ცენტრალურ საცავში არის დაახლოებით 8 -9 ათასი Sinopharm-ის ვაქცინა, რომელიც განკუთვნილია ე.წ ესენციალური ჯგუფებისთვის, ეს არის ჯარი, პოლიცია, პენიტენციური სისტემა და კიდევ რამოდენიმე ჯგუფი.
ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და თითქმის დასრულებულია, რომ დიდი ალბათობით, საქართველო დამატებით Sinopharm-ის ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას ორ პარტიად, ივნისსა და ივლისში მიიღებს".


