ქალაქ ეილატთან, სადაც ქვეყანაში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტი "რამონი" მდებარეობს, სარაკეტო იერიში განხორციელდა
13/05/2021 13:12:50 მსოფლიო
"ჰამასის" სამიზნე ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია, – იუწყება ადგილობრივი მედია.
მისივე ცნობით, ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ეილატთან ჩამოვარდა, სადაც ქვეყანაში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტი რამონი მდებარეობს.
მისივე ინფორმაციით, რამონიდან ფრენები ბენ გურიონის აეროპორტში გადაამისამართეს, თუმცა მედიის ცნობით, ეს აეროპორტიც სარაკეტო დარტყმის სამიზნეა.
"ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ახალი რაკეტების გაშვება დაიწყო.
"დავიწყეთ ახალი "Ayyash 250" ტიპის რაკეტების გამოყენება, რომელიც ისრაელის ნებისმიერ წერტილში მიაღწევს". – აცხადებს "ჰამასის" წარმომადგენელი.
ამასთან, მან საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ შეწყვიტონ ფრენები ოკუპირებული პალესტინის ნებისმიერი აეროპორტიდან".
მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" სამიზნეები დაბომბა.
ამ წუთებში ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის თელ–ავივში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.
კონფლიქტის ესკალაცია
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


