ისრაელში საქართველოს საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს – „ეს შესაძლოა, ტერორის მიზნებისთვის გამოიყენონ“
13/05/2021 12:15:18 საზოგადოება
ისრაელში საქართველოს საელჩო მორიგ გამაფრთხილებე განცხადებას ავრცელებს და თანამოქალაქეებს მიმართავს.
„მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.
⇒ „ღამე კიბეებზე გავათენეთ“… – ისრაელში მცხოვრები ქართველი
არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან. დაიცავით წინა განცხადებებში აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები. მშვიდობიან დღეს გისურვებთ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამ წუთებში ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის თელ–ავივში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.
ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ახალი რაკეტების გაშვება დაიწყო.
"დავიწყეთ ახალი "Ayyash 250" ტიპის რაკეტების გამოყენება, რომელიც ისრაელის ნებისმიერ წერტილში მიაღწევს". – აცხადებს "ჰამასის" წარმომადგენელი.
ამასთან, მან საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ შეწყვიტონ ფრენები ოკუპირებული პალესტინის ნებისმიერი აეროპორტიდან".
მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" სამიზნეები დაბომბა.
ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


