ბოკერია ზალკალიანს ისრაელ–პალესტინის დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო აკრიტიკებს
13/05/2021 11:07:42 პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
“ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანის და საზოგადოების, არის მშვიდობა და სისხლისღვრის შეწყვეტა რეგიონში. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი ჩვენი მეგობარი ქვეყნის — ისრაელის ფუნდამენტური, სუვერენული უფლებაა, დაიცვას საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო მკაფიო. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ისრაელი საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოა და მას გააჩნია სრული უფლება და მოვალეობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე არსებული საფრთხისაგან”, აცხადებს ბოკერია.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას 12 მაისს Twitter-ზე გამოეხმაურა:
“საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს”.
იხილეთ ასევე: რაკეტების წვიმა ისრაელსა და ღაზას შორის და მსოფლიო ლიდერების რეაქცია


