ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ დაიღუპა 72 პირი, მათ შორის 17 ბავშვი, ისრაელის თქმით, 7 მსხვერპლიდან, ერთი მცირეწლოვანია
13/05/2021 08:19:55 მსოფლიო
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 72 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.
პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის, ლოდში, ბათ იამში, აკოსა და ხაიფაში ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები არ ცხრება.
გუშინ ქალაქ ლოდში, სადაც მოსახლეობის 30% არაბია, „კომენდანტის საათი" გამოცხადდა, თუმცა ამის მიუხედავად, ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს არაბი დემონსტრანტი. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალაქ აკოში არაბმა დემონსტრანტებმა ცივი იარაღით დაჭრეს ებრაელი მოქალაქე. ქალაქ ბათ იამში რამდენიმე ებრაელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტაქსის არაბ მძღოლს, რომელიც ძალის გამოყენებით გადმოათრიეს ავტომანქანიდან და თავისა და სხეულის არეში ძლიერი დაზიანებები მიაყენეს.

არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება მკაცრად დაგმო ისრაელის პრემირ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
გუშინდელი შეტაკებების დროს პოლიციამ 400–მდე პირი დააკავა.
ცოტა ხნის წინ ისრაელი თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ქალაქებში, სადაც ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება არ ცხრება, დამატებით საპოლიციო ძალებს გაგზავნიან.
მისივე თქმით, ამ ქალაქებში ისრაელის თავდაცვის ძალების განთავსება ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა ისინი საპოლიციო ძალებს "ლოჯისტიკური საკითხების" მოგვარებაში დაეხმარებიან.
”საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ამ ეტაპზე საჭიროა ადგილზე ძალების მასიური გაძლიერება, რომლებიც დაუყოვნებლივ გაიგზავნება კანონისა და წესრიგის დასამყარებლად", – აცხადებს განცი.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


