
"ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამია იქნება"
18/07/2019 09:20:23 სხვა, სამართალი
ქიბარ ხალავშის განცხადებით, იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება. მისი თქმით, ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამია იქნება.
„დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ წამართვეს- ამის
დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტთ დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არცერთი უფლება.
ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.
ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!
არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.
იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი.
ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.
მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!
ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!
ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.
ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, აცხადებს ხალვაში.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში; სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე-6 მუხლი არც თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა.
მოსამართლე დე გაეტანომ, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს, განსხვავებული მოსაზრება დაწერა ამ საქმეზე. მისი აზრით, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
„რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.
სტრასბურგში "რუსთავი 2" რამდენიმე მუხლის დარღვევაზე დავობს, ესენია:
• სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;
• გამოხატვის თავისუფლება;
• უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები;
• საკუთრების დაცვა
ცნობისთვის: ტელეკომპანიისთვის მისი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში სასამართლოში 2015 წლიდან დავობს.
2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.
„რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.