Accentnews.ge
რაკეტების წვიმა ისრაელსა და ღაზას შორის და მსოფლიო ლიდერების რეაქცია

რაკეტების წვიმა ისრაელსა და ღაზას შორის და მსოფლიო ლიდერების რეაქცია

13/05/2021 09:33:45 მსოფლიო

9 მაისის შემდეგ ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. როგორც ისრაელი იუწყება, ხსენებული პერიოდიდან დღემდე ღაზას სექტორიდან მისი მიმართულებით 1300–ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში არსებულ სამიზნეებზე 600-მდე სარაკეტო იერიში განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცის თქმით, “ქვეყანა არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში მანამ, სანამ არ მიაღწევს სრულ სიმშვიდეს”.

ისრაელის განცხადებით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.

პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის, ლოდში, ბათ იამში, აკოსა და ხაიფაში ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები არ ცხრება.

გუშინ ქალაქ ლოდში, სადაც მოსახლეობის 30% არაბია, „კომენდანტის საათი" გამოცხადდა, თუმცა ამის მიუხედავად, ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს არაბი დემონსტრანტი. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალაქ აკოში არაბმა დემონსტრანტებმა ცივი იარაღით დაჭრეს ებრაელი მოქალაქე. ქალაქ ბათ იამში რამდენიმე ებრაელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტაქსის არაბ მძღოლს, რომელიც ძალის გამოყენებით გადმოათრიეს ავტომანქანიდან და თავისა და სხეულის არეში ძლიერი დაზიანებები მიაყენეს.

არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება მკაცრად დაგმო ისრაელის პრემირ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

გუშინდელი შეტაკებების დროს პოლიციამ 400–მდე პირი დააკავა.

ცოტა ხნის წინ ბენი განცმა განაცხადა, რომ ქალაქებში, სადაც ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება არ ცხრება, დამატებით საპოლიციო ძალებს გაგზავნიან.

მსოფლიო ლიდერების რეაქცია

ევროკავშირმა სარაკეტო იერიშები დაგმო და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირსა და ღაზას სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.

იორდანიისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით ისრაელის დესპანები დაიბარეს. იორდანიის მეფემ დაგმო მიმდინარე პროცესები და ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს “პროვოკაციები იერუსალიმელთა წინააღმდეგ”.

არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ და სუდანმა ასევე გააკრიტიკეს ისრაელი შეტაკებების გამო. გასულ წელს ამ სახელმწიფოებმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

პალესტინასა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებას გაერო–ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ნორვეგიელი დიპლომატი ტოპ ვენესლანდი გამოეხმაურა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი:

"დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი. ჩვენ ვუახლოვდებით სრულმასშტაბიან ომს. ყველა მხარის ლიდერებმა დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ღაზაში ომის საფასური უდიდესია და ამას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო ყველა მხრივ მუშაობს მშვიდობის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე".

ბოლო სამ დღეში გაერო–მ ისრაელ–პალესტინის საკითხზე უშიშროების საბჭოს ორი სხდომა გამართა.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ ისრაელსა და პალესტინაში წარმომადგენელს აგზავნის.

"მე ვთხოვე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰედი ამრს, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო და შეხვედრები გაემართა ისრაელსა და პალესტინაში, რათა მხარეებს ჩემი და პრეზიდენტ ბაიდენის სახელით დეესკალაციისკენ მოუწოდოს", – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, "ისრაელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თავიდან იქნას აცილებული რიგითი მოქალაქეების მსხვერპლი".

​"ორივე მხარემ უნდა შეამციროს ძალადობა. ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასისგან" წვიმასავით მოდის რაკეტები და ფაქტია, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეებია და ისრაელის პასუხობს, რომელიც თავს იცავს. თუმცა, ვფიქრობ, ისრაელი უნდა შეეცადოს, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მაშინაც კი, როცა პასუხი ისრაელის ხალხის დაცვის საპასუხოა", – აცხადებს ბლინკენი.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის პრემიერ–მინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და აღნიშნა, რომ "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს და პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება".

12 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ–მინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის. ბაიდენმა ისრაელს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "აუცილებელია მდგრადი მშვიდობის" აღდგენა.

გუშინ ისრეალ–პალესტინის საკითხზე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმაც იმსჯელეს.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და რიგ სხვა საკითხებთან ერთად ისრაელ–პალესტინის თემაც განიხილა.

"ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს", – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერდოღანის თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბრისას კიდევ ერთხელ გააჟღერა პალესტინაში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების გაგზავნის იდეა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ხსენებული ინიციატივით 2018 წლიდან გამოდის.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, მოსკოვი "უკანონოდ მიიჩნევს ისრაელის მცდელობებს, წმინდა ქალაქ იერუსალიმის გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ისტორიული ხასიათი შეცვალოს".

"მოსკოვი მომხრეა, ისრაელმა იერუსალიმის სტატუსის შეცვლის მცდელობებზე უარი თქვას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახლების საქმიანობა", - განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.

"ამასთან დაკავშირებით უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ მივიჩნევთ ისრაელის მცდელობებს, წმინდა ქალაქ იერუსალიმის გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ისტორიული ხასიათი შეცვალოს", — განაცხადა სააგენტოს რესპონდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი “ადასტურებს პალესტინა-ისრაელის დარეგულირების იმ საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის მხარდაჭერას, რომელიც სრულად პასუხობს ერთის მხრივ, პალესტინელი ხალხის სწრაფვას საკუთარი სახელმწიფოსკენ, ხოლო მეორეს მხრივ - უსაფრთხოების სფეროში ისრაელის მოთხოვნებსაც".

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება დაგმო საქართველომაც.

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S