თელ ავივი-თბილისის რეისით საქართველოში 166 მგზავრი ჩამოფრინდა
13/05/2021 04:39:48 საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავით თელ ავივ-თბილისის რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 166 მგზავრი ჩამოფრინდა.
„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, რეისი დროულად შესრულდა და მგზავრების უსაფრთხოება იყო უზრუნველყოფილი.
"ისრაელში ჩვენმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ ფრენა არის უსაფრთხო. ჩვენ მიერ უსაფრთხოების ყველა ზომა შემოწმდა და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენს მგზავრებს და ხომალდს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, განხორციელდა წარმატებით რეისი. ჩამოვიდა ბორტის ხელმძღვანელი, მგზავრები, ყველანი კმაყოფილები არიან და ყველაფერი დროზე და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა. აქედან გაფრინდა დღეს 17 მგზავრი, ისრაელიდან ჩამოფრინდა 166 მგზავრი“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.


