Accentnews.ge
"საქართველოს 10 მოქალაქე ამ წუთებში ისრაელის ბრძოლის წინა ხაზზე დგას"

"საქართველოს 10 მოქალაქე ამ წუთებში ისრაელის ბრძოლის წინა ხაზზე დგას"

12/05/2021 19:10:45 საზოგადოება

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ქართველი ექიმები "პრაქტიკულად მომაკვდავი ებრაული მოსახლეობის" გადასარჩენად ძალისხმევას არ იშურებენ.

"ისრაელში 15-დან 17 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა. ვგულისხმობ მათ, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და ასევე მათ, ვისაც არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. ისრაელში იმყოფებიან კანონიერად სამსახურის მხრივ ან არალეგალურად და ისინი ცხოვრებენ აქ წლების განმავლობაში. სამსახური ვახსენე და აქვე მინდა, გითხრათ რამდენიმე ადამიანზე. 10 ჩვენი მოქალაქე, დღეს ამ წუთებში ისრაელის ბრძოლის წინა ხაზზე დგას. ეს არის ქალაქ აშქემონში მდებარე ბარზილაის საავადმყოფო და იცით, რომ ეს ქალაქი სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ იბომბება. პრაქტიკულად, სირენები არ წყდება. ეს საავადმყოფო, დღეს ცეცხლის წინა ხაზზეა. 10 ანესთეზიოლოგი საქართველოდან მუშაობს იმისათვის, რომ პრაქტიკულად მომაკვდავი ებრაული მოსახლეობა, რომელიც შეჰყავთ ძალიან მძიმე დაზიანებებით, გადაარჩინონ. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ. დღეს ვესაუბრე 5 მათგანს, ორი მორიგეობდა, ორს მორიგეობა დაეწყება კიდევ ღამე და ესე ცვლიან სმენებში ერთმანეთს", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. მას პირველადი დახმარება გაეწია სტაციონარში, ამჟამად გამოწერილია სტაციონარიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის: გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.

ისრაელის განცხადებით, 12 მაისის შემდეგ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 6 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 56 პირი ემსხვერპლა.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S