
პენტაგონის ხელმძღვანელი, ისრაელს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს
12/05/2021 18:20:54 მსოფლიო
აშშ–ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
"პენტაგონის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ხალხი. ამასთან მკაცრად გმობს, ჰამასისა და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს", – ნათქვამია პენტაგონის პრეს–სპიკერის ჯონ კირბის განცხადებაში.
მისივე თქმით, მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა მხარეების მიერ ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, რომ აშშ ისრაელსა და პალესტინაში წარმომადგენელს აგზავნის. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
"მე ვთხოვე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰედი ამრს, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო და შეხვედრები გაემართა ისრაელსა და პალესტინაში, რათა მხარეებს ჩემი და პრეზიდენტ ბაიდენის სახელით დეესკალაციისკენ მოუწოდოს", – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, "ისრაელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თავიდან იქნას აცილებული რიგითი მოქალაქეების მსხვერპლი".
"ორივე მხარემ უნდა შეამციროს ძალადობა. ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასისგან" წვიმასავით მოდის რაკეტები და ფაქტია, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეებია და ისრაელის პასუხობს, რომელიც თავს იცავს. თუმცა, ვფიქრობ, ისრაელი უნდა შეეცადოს, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მაშინაც კი, როცა პასუხი ისრაელის ხალხის დაცვის საპასუხოა", – აცხადებს ბლინკენი.
გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.
ისრაელის განცხადებით, 12 მაისის შემდეგ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 6 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 56 პირი ემსხვერპლა.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.