
სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა
18/07/2019 08:48:00 სხვა, სამართალი
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 000 ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.
2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კორტების მიმდებარედ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით რამდენიმე მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.
საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის განაჩენი უცვლელად, ძალაში დატოვა.
იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული მისი შვილის, ზურას საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მოწმეთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს და როდესაც საფლავს მიუახლოვდნენ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.