ყაზანელ თავდამსხმელს თავის ტვინში “ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული ცვლილებები” დაუდგინეს

12-05-2021 19:35:58 სამართალი

ყაზანის 175-ე სკოლაზე თავდამსხმელს, 19 წლის ილნაზ გალიავიევს თავის ტვინში “ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული ცვლილებები” დაუდგინეს, - იუწყება რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტი და იქვე ამატებს, რომ არც ფსიქიატრთან, არც ნარკოლოგიურ სამსახურში ახალგაზრდა არასოდეს ყოფილა აღრიცხული.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში გალიავიევმა არაერთგზის მიმართა მედიკოსებს თავის ძლიერ ტკივილთან დაკავშირებით. გასული წლის ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მას თავის ტვინში ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული ცვლილებები დაუდგინეს. ამასთან, წლის დასაწყისიდან ახლობლები ახალგაზრდას მომატებულ აგრესიულობასა და გაუწონასწორებლობას ამჩნევდნენ” – ირწმუნება საგამოძიებო კომიტეტი.

ცნობისთვის: მომხდარის შემდეგ ორი დღის განმავლობაში რუსულ მედიაში მუდმივად ვრცელდებოდა ახლობლებისა და პედაგოგების კომენტარები იმის შესახებ, რომ პირიქით – გალიავიევი “მშვიდი, გაწონასწორებული, ყოველთვის თავაზიანი მოსწავლე იყო, არასოდეს გამოირჩეოდა კონფლიქტურობითა და აგრესიულობით”.

რაც შეეხება დაკავების შემდეგ პერიოდში მის მდგომარეობას, როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, “ამჟამად გალიავიევის ქცევა არაადექვატურია, მომეტებულად აგრესიული, რაც სრულფასოვან დაკითხვასა და სამედიცინო კვლევას აფერხებს”.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ყაზანის 175-ე სკოლაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – 7 მოსწავლე და 2 ზრდასრული მოქალაქე.

გალიავიევს 4 წლის წინ სწორედ ეს სკოლა ჰქონდა დამთავრებული, რის შემდეგაც მან კოლეჯში განაგრძო სწავლა, თუმცა იანვრიდან სასწავლებელში აღარ გამოჩენილა და აპრილში აკადემიური დავალიანების გამო გარიცხეს.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მან თავდასხმა განახორციელა, გალიავიევზე ოფიციალურად იყო რეგისტრირებული.

თავდასხმამდე ორიოდ საათით ადრე ახალგაზრდამ ტელეგრამ-არხში დაწერა, რომ “ბიონაგვის დიდ რაოდენობას მოკლავდა და თავსაც მოიკლავდა”.

დღეს, 12 მაისს სასამართლომ დაკავებულ ახალგაზრდას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები