"ეს მხოლოდ დასაწყისია. ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, არც კი დასიზმრებიათ"
12/05/2021 15:18:13 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზას სექტორიდან განხორციელებული იერიშის საპასუხოდ მკაცრ ზომებს მიიღებს.
"ერთი საათის წინ "ჰამასის" გენერალურ შტაბში უფროსი მეთაურების ლიკვიდაცია მოვახდინეთ, მათ შორის იყვნენ ასევე ღაზას თანამშრომლები და სხვა მაღალი რანგის ტერორისტები. ეს მხოლოდ დასაწყისია. ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, არც კი დასიზმრებიათ", - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ მოკლეს "ჰამასის" 4 მაღალი რანგის მეთაური.
“ისრაელი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში მანამ, სანამ არ მიაღწევს სრულ სიმშვიდეს”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა.
გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.
ისრაელის განცხადებით, 12 მაისის შემდეგ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 6 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 53 პირი ემსხვერპლა.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


