
რუსეთი ქვეყნიდან აშშ-ის საელჩოს პრეს-მდივანს აძევებს
12/05/2021 09:42:15 მსოფლიო
რუსეთი ქვეყნიდან აშშ-ის საელჩოს პრეს-მდივან რებეკა როსს აძევებს, - იუწყება გამოცემა "Коммерсантъ".
მისივე ინფორმაციით, როსი იმ ათი ამერიკელი დიპლომატის სიაში ფიგურირებს, რომელთა გაძევებაც მოსკოვმა ვაშინგტონის ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ გადაწყვიტა.
როგორც "Коммерсантъ" რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში თავის წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ამ სიაში როსის მოხვედრის მიზეზი ამერიკული მხარის ნახევარწლიანი უარია, აშშ-ში რუსეთის საელჩოში პრეს-მდივნის ვაკანტური თანამდებობა შეივსოს. როგორც გამოცემის წყარო ირწმუნება, ვაშინგტონმა კანდიდატის მიერ წარდგენილი საბუთები მიზეზების განმარტების გარეშე დააბრუნა.
15 აპრილს აშშ-მა არჩევნებში ჩარევის, სადეზინფორმაციო საქმიანობისა და რუსული სპეცსამსახურების დესტრუქციული ქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები შემოიღო. სიაში, რომლის ფიგურანტებს შეზღუდვები შეეხებათ, ამჯერად რუსეთის 30 მოქალაქე და კომპანია მოხვდა. სხვა ზომებთან ერთად, სანქციები აშშ-დან 10 რუსი დიპლომატის გაძევებას ითვალისწინებს.