
რა ხდება “რუსთავი 2”- თან – სტრასბურგის სასამართლოს მოლოდინში (LIVE)
18/07/2019 07:55:02 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტელეარხის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან.
ცნობისთვის: ტელეკომპანიისთვის მისი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში სასამართლოში 2015 წლიდან დავობს.
2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.
„რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაქვეყნოს.