Accentnews.ge
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან „ახალი ძალთა ბალანსი“ შექმნა

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან „ახალი ძალთა ბალანსი“ შექმნა

11/05/2021 20:50:15 მსოფლიო

ისლამისტური მოძრაობის, „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ მისმა დაჯგუფებამ ისრაელთან „ახალი ძალთა ბალანსი“ შექმნა.

”ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას იერუსალიმისთვის ბრძოლაში, იერუსალიმის დაცვაში. იერუსალიმი კონფლიქტის ღერძია. ისრაელთან დღევანდელმა ბრძოლამ თამაშის ახალი წესები დაწერა. რაც ახლა ხდება, ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის პატივია. ახლა ძალების ახალი ბალანსია“, - განაცხადა მან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რადიკალურ დაჯგუფებებს «ჰამასსა» და «ისლამურ ჯიჰადს» ჩადენილი ძვირად დაუჯდებათ». ასე გამოეხმაურა პრემიერი ღაზას სექტორიდან ცენტრალური და სამხრეთ სრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს, რომლებსაც რამდენიმე მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

«დაღუპულთა სისხლი ამ ტერორისტული დაჯგუფებების ხელმძღვანელთა ხელებზეა. ჩვენ მათ მწარედ ვაზღვევინებთ» - აღნიშნა მან.

ნეთანიაჰუს ინფორმაციით, ებრაელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში ასობით სამიზნეზე მიიტანეს საპასუხო იერიში და ანკლავში რეიდებს განაგრძობენ.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბი აშკენაზი აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

"საუბრისას განვაცხადე, რომ ისრაელი უფლებას იტოვებს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას არ დაუშვებს" - განაცხადა საუბრის დასრულების შემდეგ აშკენაზიმ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი კიდევ ბევრ სამიზნეს ამუშავებს, რომლებსაც შეიძლება ღაზას სექტორში დაარტყას.

მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები ”სასტიკად დაზარალდნენ და კვლავ დარტყმის ქვეშ იქნებიან, რადგან მათ უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელზე შეტევის სახით”.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ღამით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვეს. მათი ნაწილი სისტემა "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა. იერიშებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებებმა "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა" აიღეს.

თავის მხრივ, ისრაელმა საპასუხოდ პალესტინელების 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. ადგილობრივი მედია 20-ზე მეტი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შესახებ იუწყება.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რადიკალური მოძრაობა "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 15 წევრია ლიკვიდირებული. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში იუწყება 100-ზე მეტი დაჭრილისა და 23 დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის 9 ბავშვია.

ისრაელში საქართველოს ელჩის განცხადებით, სარაკეტო იერიშის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი.

როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაფრთხილებისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან.

„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის), ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.

გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S