ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი თემა ბალკანეთის რეგიონი იყო
11/05/2021 13:12:12 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბალკანეთის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, კლიმატის ცვლილებებზე, პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. თუმცა მთავარი თემა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანება იყო.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთის საკითხს ცალ-ცალკე არ განიხილავენ.
“ჩვენ ალბანეთისა და ჩრდილოეთი მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წინ უნდა წავწიოთ. სხვათა შორის, არასოდეს გვქონია განზრახვა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ეს ქვეყნები ცალ–ცალკე განგვეხილა", – განაცხადა ბორელმა.
ჩრდილოეთი მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდგომმა შეფერხებამ შეიძლება, საფრთხე მთელი რეგიონის სტაბილურობას შეუქმნას.
"ბულგარეთმა ვეტო დაადო ჩრდილოეთ მაკედონიის მოლაპარაკებებს. ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიისგან მოითხოვს, აღიარონ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ენა და ერი ბულგარული წარმოშობისაა", – იუწყება "ევრონიუსი".


