გაბუნიას თქმით, “სინოფარმის” დარჩენილი დოზები სტრატეგიული ჯგუფების აცრას მოხმარდება
11/05/2021 12:00:36 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში “სინოფარმით” აცრილთა და აცრაზე რეგისტრირებულთა რიცხვი 40 000-მდეა, პრეპარატის დარჩენილი 10 000 დოზა კი სტრატეგიული ჯგუფების იმუნიზაციას მოხმარდება.
ასეთ ჯგუფებს შორის გაბუნია პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული დოზები მედიასა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულებსაც მოხმარდება.
“სინოფარმის დიდი ნაწილი დაახლოებით 40 00-მდე დოზა ან უკვე გამოყენებულია, ან დაჯავშნილია. 10 000 დოზა დარეზერვებულია სტრატეგიული ჯგუფებისთვის ესაა პოლიცია, პენიტენციური სისტემა. უდიდესი ნაწილი ამ დოზების მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს და ასევე დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის. მაგრამ ეს იქნება ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ დარეზერვებული დოზების დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს”, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველომ ამ ეტაპზე “სინოფარმის” ვაქცინის 100 000 დოზა შეიძინა, რაც 50 000 ადამიანის იმუნიზაციისთვის არის საკმარისი.


