გაბუნია: "ჯანმო–ს ავტორიზაციამდე "სინოვაკით" ვაქცინაციის დაწყების საკითხს მთავრობასთან განვიხილავთ"
11/05/2021 11:54:04 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინა "სინოვაკით" ვაქცინაციის პროცესის დაწყების საკითხს მთავრობასთან განიხილავენ. თუ მთავრობა შეთავაზებას მხარს დაუჭერს "სინოვაკით" ვაქცინაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღებამდე დაიწყება.
გაბუნიამ სავარაუდო თარიღად მაისის შუა რიცხვები დაასახელა.
"ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის "სინოვაკთან" მიმართებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა არის სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური ძალიან კარგი და დადებითი დასკვნა. ამ დასკვნის საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საბჭომ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას, "სინოვაკის" შედარებით ადრეული გამოყენების თაობაზე", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი განცხადებით, ჯანმო-სგან ავტორიზაციის მიღებაზე მსჯელობა თვის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ "სინოვაკი" ჩინური ვაქცინაა, რომელის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთიდან საჩუქრად მიიღო. ამ ვაქცინას ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.


