
აშშ ეჭვობს, რომ ამერიკელ დიპლომატებზე აკუსტიკური თავდასხმების უკან რუსული ГРУ დგას
11/05/2021 09:56:20 მსოფლიო
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკური შეტევების უკან შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ, - იუწყება გამოცემა Politico.
აშშ-ის ფედერალურმა სპეცსამსახურებმა ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ზუსტი მიზეზი ჯერ ვერ დაადგინეს, თუმცა სავარაუდო შეტევების საქმის გამოძიება გააქტიურებულია.
გამოცემის რესპონდენტის განმარტებით, ГРУ რუსეთის ერთადერთი სპეცსამსახურია, რომელსაც აკუსტიკური შეტევების ორგანიზებისთვის საჭირო ტექნოლოგიები გააჩნია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მსგავსი ტექნოლოგიები შეიძლება, ისრაელსა და ჩინეთსაც გააჩნდეთ, თუმცა ისინი არ მუშაობენ ყველა იმ წერტილში, სადაც შესაბამისი ინციდენტები იყო დაფიქსირებული.
ცნობისთვის: 2016 წელს ამერიკელი დიპლომატები აფიქსირებდნენ მაღალი სიხშირის უცნაურ ხმებს ჰავანაში, რის შემდეგაც მათ თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, სმენისა და კოორდინაციის დაკარგვა აღენიშნებოდათ. 2017 წელს იგივე დაფიქსირდა ჩინურ გუანჩჟოუში, 2019 წელს - თავად აშშ-ში, ვირჯინიის შტატში და თეთრი სახლის სიახლოვეს.
2019 წელსვე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ კუბაში აშშ-ის დიპმისიის 40 თანამშრომლის თავის ტვინში სტრუქტურული ცვლილებები დაადგინა.