
ჩინეთში შობადობა მკვეთრად შემცირდა
11/05/2021 06:58:21 მსოფლიო
ჩინეთში მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად არის შემცირებული, შობადობა მკვეთრად დაეცა, - იუწყება ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის ზრდა ჩინეთში წლიურად საშუალოდ 0,53%-ს შეადგენდა, 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ 1,411 მილიარდს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 72 მილიონით გაიზარდა. 2020 წელს ახალშობილთა რაოდენობა ყველაზე დაბალი იყო 1961 წლიდან, როცა ჩინეთი მასობრივ შიმშილს განიცდიდა.
ზემოთთქმული ეროვნულ ბიუროს დემოგრაფიული კრიზისის პროგნოზირების საფუძველს აძლევს, რომელიც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეკონომიკურ ზრდას შეუქმნის საფრთხეს.
როგორც დემოგრაფები აცხადებენ, ჩინეთის მოსახლეობის თითქმის 19% 60 წელსაა გადაცილებული და ამ სეგმენტის წილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 6%-ითაა გაზრდილი.
ცნობისთვის: რამდენიმე წლის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა "ოჯახში ერთი შვილის" პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 1980 წლიდან მოქმედებდა. თუმცა ბოლო ოთხი წელია, ჩინეთში შობადობა სტაბილურად იკლებს. 2020 წელს იგი ერთბაშად 15%-ით შემცირდა, - იუწყება CNBC.