
“გირაო აჩვენებს, რამდენად ღირებულია საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა. ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად, მაგრამ არა ცალმხრივი გამოყენებისთვის“
10/05/2021 16:26:45 პოლიტიკა
ევროპელი "მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრი, ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის ფაქტი აჩვენებს, რამდენად ღირებულია ორგანიზაციისთვის საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად, მაგრამ არა ცალმხრივი გამოყენებისთვის“.
როგორც ევროპარლამენტარმა "აქცენტთან" საუბრისას განმარტა, ფონდს, რომელმაც ნიკა მელიას გირაო დაფარა, საქართველოში დღემდე არაერთი მხარდამჭერი აქტივობა აქვს განხორციელებული, მაგრამ გირაოს გადახდის ფაქტი უპერედენტოა:
"ევროპულ ფონდი დემოკრატიისთვის" (EED) არის დამოუკიდებელი საგრანტო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიის აქტივისტებსა და მოძრაობებს. ნამდვილად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არ არსებობს EED–ს მხარდაჭერის პრეცედენტი. EED რეგულარულად უჭერს მხარს სხვადასხვა ადამიანებსა და ორგანიზაციებს საქართველოში და ეს ფონდის ვებ – გვერდზეც ქვეყნდება. რაც შეეხება გირაოს გადახდის ფაქტს, მსგავსი პრეცედენტი მე არ მსმენია, თუმცა ბუნებრივია, მხარდაჭერა, შესაძლოა, სხვადასხვა გზით განხორციელდეს. ეს [გირაოს გადახდა] იყო მედიაციის პროცესის ნაწილი. შესაბამისად, ეს გახლდათ შეთავაზება ევროკავშირის შუამავლების მხრიდან, რათა მედიაციის პროცესი გამარტივებულიყო. შუამავლების მხრიდან ეს [გირაოს გადახდა] არის მკაფიო სიგნალი, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, დაეხმაროს საქართველოს კრიზისის მოგვარებაში, როცა ამის საჭიროება დგება".
მისივე თქმით, პარტნიორობაზე პასუხისმგებლობა როგორც საქართველომ, ისე ევროკავშირმა უნდა აიღოს.
"ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება უპრეცედენტოა, ჩემი აზრით, აჩვენებს, რამდენად ღირებულია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან. თუმცა ეს არ არის პრეცედენტი ჩვენი ქცევისა ყველას მიმართ და ყოველთვის. ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად, მაგრამ არა ცალმხრივად გამოყენებისთვის. როგორც საქართველოს პარტნიორი, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ და დაგეხმაროთ განვითარებაში. თუმცა პარტნიორობაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აიღოს. ასე რომ, საქმე არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის გაცემას და სამაგიეროდ არაფრის მიღებას. ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორისგან ველოდები, რომ მომავალში პოლიტპატიმრების საქმის განხილვა აღარ მოგვიწევს. თუ მაინც მოგვიწევს, საქართველოს შეუძლია, არ ელოდოს, რომ ევროკავშირი კვლავ გასცემს, იგი მომავალში უფრო მკაცრი იქნება", – განაცხადა ევროპარლამენტარმა "აქცენტთან" საუბრისას.