ფაუჩი: "ინდოეთმა საყოველთაო ე.წ. ლოქდაუნი უნდა გამოაცხადოს"
10/05/2021 14:05:34 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ქვეყანაში საყოველთაო ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადებას ურჩევს.
"ინდოეთში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს საყოველთაო ე.წ. ლოქდაუნი. რამდენადაც ვიცი, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოქმედებს, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან ვირუსის გადაცემის ჯაჭვი უნდა გაწყდეს და ეს მხოლოდ სრული ჩაკეტვითაა შესაძლებელი“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
ინდოეთის ჯანდაცვის უწყება პრემიერს დიდი ხანია, ქვეყნის სრული ჩაკეტვისკენ მოუწოდებს, თუმცა ამ დრომდე მთავრობის მეთაური შესაბამის გადაწყვეტილებას არ იღებს. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება კიდევ უფრო უარესდება. საავადმყოფოებში საწოლების, ჟანგბადის და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა. კრემატორიუმები დღე და ღამე მუშაობენ.


