იერუსალიმში დაპირისპირებისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
10/05/2021 12:44:12 მსოფლიო
იერუსალიმში მცხოვრებ პალენსტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის 10 მაისს ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა,– იუწყება BBC.
დაპირისპირების დროს პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პალესტინელები ღამის განმავლობაში მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვებით გამაგრდნენ მეჩეთში, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ იერუსალიმის დღის აღნიშვნისთვის. ამ დღეს ისრაელელი ახალგაზრდები 1967 წელს აღმოსავლეთ იერუსალიმის დაკავებას აღნიშნავენ,– აცხადებენ ისრაელის პოლიციაში.
მანამდე ისრაელის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ მოქალაქეებს აღნიშნულ მარშში მონაწილეობისთვის აღმოსავლეთ იერუსალიმში შესვლა და მუსლიმურ სალოცავებთან მიახლოება აუკრძალა. პალესტინელები აღნიშნულ მარშს პროვოკაციად აღიქვამენ.
ისრაელში პალესტინელ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება. ალ-აქსას მეჩეთის ინციდენტს წინ უსწრებდა შეიხ ჯარას რაიონის პროტესტი, რა დროსაც, ადგილობრივი არაბული მოსახლეობა ისრაელის სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სახლებიდან შესაძლო გამოსახლებასა და ებრაული დასახლების აშენებას აპროტესტებდა.


