თურნავა – „ნამახვანჰესზე“: „კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება“
10/05/2021 09:08:59 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება.
მისივე თქმით, პრაქტიკულად, მორატორიუმია გამოცხადებული და კვლევები გაგრძელდება.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს და აღნიშნა ისიც, რომ მთავრობის წარმომადგენელთა „კარი ყოველთვის ღიაა.
„ჩვენ გეგმა გაჟღერებულია. პირველ რიგში, მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხალზე, გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად მედიაციის პროცესში ჩვენი თხოვნით და სახელმწიფოს, მთავრობის მოწვევით.
მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის. კონკრეტულად, პროცესი რამდენად იყო სწორად წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები და გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონმდებლობის ფარგლებში და იმ გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ. დანარჩენი თვითონ ინვესტორის საკითხია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ შეხვედრის აუცილებლობას, თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


