დაზიანებული ავტომანქანები და საცხოვრებელი კორპუსები – სტიქიამ თბილისში პრობლემები შექმნა
10/05/2021 06:45:16 საზოგადოება
თბილისში სტიქიამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, თემქაზე ძლიერი ქარის დროს ხე წაიქცა, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაზიანებულია 4 მანქანა. ამ წუთებში ადგილზე მაშველები მუშაობენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ ასევე ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა.
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა დიდ დიღომშიც. სამართალდამცველებმა თავდადებულის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეზღუდეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მშენებარე კორპუსიდან მძიმე ნივთები ცვივა და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა საფრთხის შემცველია.
ამასთან, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა 17 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში სინოპტიკოსები წვიმასა და ელჭექს, მთაში კი თოვლსა და ქარბუქს ვარაუდობენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 მაისიდან ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ მოიმატებს.


