ისრაელი სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება
10/05/2021 06:18:53 მსოფლიო
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს,– იუწყება ადგილობრივი მედია ისრაელის არმიაზე დაყრდნობით.
არმიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ისრაელის რადიოს ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მდებარე ჰამასის სამხედრო საგუშაგოზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში.
გასულ კვირას პალესტინელმა რადიკალებმა ღაზის სექტორიდან რამდენჯერმე გაუშვეს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საჰაერო ბურთები, რომელზეც ცეცხლის გამჩენი ხსნარი იყო მიმაგრებული. შედეგად 40-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა.
გარდა ამისა, მესამე დღეა იერუსალიმში შეტაკებები არ წყდება. ქალაქში შექმნილ მდგომარეობაზე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო იმსჯელებს.
იერუსალიმში არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას პალესტინელი აქტივისტები აპროტესტებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ რადიკალებს არ მისცემს უფლებას, ქალაქში სიმშვიდე დაარღვიონ.
მომხდარს გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივანი, რომელმაც ძალადობა დაგმო და ისრაელს მოუწოდა, პალესტინელების გასახლება შეაჩეროს. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანიც. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, სალივანი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მეირ ბენ-შაბათს.


