აშშ-ის მთავრობამ იმ ჟურნალისტების სატელეფონო მონაცემები მოიპოვა, რომლებიც ტრამპის კამპანიის რუსეთთან კავშირებს აშუქებდნენ
08/05/2021 14:30:49 მსოფლიო
„ვაშინგტონ პოსტის“ განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, გამოცემის სამი რეპორტიორის (რომლებიც აშუქებდნენ ფედერალურ გამოძიებას რუსეთისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიას შორის კავშირებზე) სატელეფონო მონაცემები საიდუმლო გზით მოიპოვა.
როგორც ჩანს, ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმ წყაროების დადგენა, რომლებსაც რეპორტიორები 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში ეყრდნობოდნენ. აღნიშნული მასალები ტრამპის ადმინისტრაციის პირველ თვეებში იბეჭდებოდა, მაშინ, როცა ფედერალური გამომძიებლები იკვლევდნენ, იყო თუ არა ტრამპის 2016 წლის კამპანია კოორდინაციაში რუსეთთან, არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენის მიზნით.
გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტებმა მიმდინარე კვირაში იუსტიციის სამინისტროსგან შეტყობინება მიიღეს იმაზე, რომ მათი სატელეფონო მონაცემები წაღებულია. გაზეთი წერს, რომ საუბარია 2017 წლის 15 აპრილიდან 2017 წლის 31 ივლისამდე პერიოდზე.
დროის იმ მონაკვეთში „ვაშინგტონ პოსტმა“ დაბეჭდა სტატია აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებზე, რომელთა თანახმადაც 2016 წელს ჯეფ სეშნსი - რომელიც მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორი გახდა - კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდა რუსეთის მაშინდელ ელჩთან, სერგეი კისლიაკთან.
ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ წერილებში არ არის დაკონკრეტებული, როდის დაამტკიცა იუსტიციის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, თუმცა სამინისტროს პრესმდივანი აცხადებს, რომ ეს 2020 წელს მოხდა. გაზეთის აღმასრულებელი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვს ახსნა-განმარტებას იმაზე, თუ რატომ მოიპოვეს ჟურნალისტების მონაცემები.


