გამყრელიძე: „სინოფარმის“ 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა“
07/05/2021 19:06:57 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 500 000 დოზა ივნისში შემოვა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, მთავრობა „სინოფარმთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამასთან, მისივე ცნობით, მოლაპარაკებები პირდაპირი გზით მიმდინარეობს მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინაზე.
„სინოფარმის“ მარაგი ამჟამად დაახლოებით, 100 000 დოზაა, ადმინისტრირებულია 6 ათასი და, თუ არ ვცდები, 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის.
უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა - 250 პლუს 250. როცა ჯანმოს მიერ აღიარება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ განთავსდება კოვაქსზე და ქვეყნებს მიეწოდება ბევრად იაფად, ვიდრე პირდაპირი შესყიდვა ხდება.
რაც შეეხება სხვა ვაქცინებს - ინფორმაციაა, რომ კოვაქსზე განთავსდება „ნოვავაქსი“, „ჯონსონ&ჯონსონი“, პირდაპირი მოლაპარაკებაა „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმს“ ავტორიზაცია დღეს მიანიჭა.


