სიღარიბიდან მილიარდერობამდე – 5 მილიარდერი, რომელიც გაჭირვებაში გაიზარდა
07/05/2021 13:14:04 მსოფლიო
Forbes-ის 2021 მონაცემებით , მსოფლიოში 2,755 მილიარდერია. გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა მსოფლიოში 660-ით გაიზარდა. მილიარდერთა ნაწილი მდიდარი წინაპრების მემკვიდრეა, ნაწილმა კი კაპიტალი მხოლოდ თავისი შრომით შექმნა.
5 მილიარდერი, რომელიც სიღარიბეში გაიზარდა:

შაჰიდ ხანი
1 იგი შეერთებულ შტატებში პაკისტანიდან 16 წლის ასაკში ჩავიდა. იგი მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად და საათში 1.2 დოლარს გამოიმუშავებდა. დაგროვილი თანხის საშუალებით მან ილინოისის უნივერსიტეტში მექანიკური ინჟინერიის სწავლა დაიწყო. მოგვიანებით პაკისტანელმა კარიერა “FLEX-N-GATE“-ში განაგრძო, 13 წლის შემდეგ კი აღნიშნული ფირმა 800 000 დოლარად იყიდა. იგი სადღეისოდ ამერიკული ფეხბურთის გუნდის „JACKSONVILLE JAGUARS“ მფლობელია. Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად მისი ქონება 8 მილიარდ დოლარს აღწევს.

2 ჯორჯ სოროსი
იგი 1930 წელს უნგრეთში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი თავდაპირველი სახელი და გვარი დიორდ შვარცია. სიმდიდრით მისი მშობლები საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ. ანტისემიტიზმისგან თავდასაცავად 1936 წელს მისმა ოჯახმა გვარი, სოროსად გადაიკეთა. ჯორჯი 13 წლის იყო, როდესაც გერმანიამ უნგრეთი დაიპყრო და ებრაელების გენოციდი დაიწყო. მისი ოჯახი გადარჩა, რადგან მამამისმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ოჯახი ქრისტიანებად წარმოაჩინა. გერმანიისგან გათავისუფლების შემდეგ ებრაელებს მშვიდი ცხოვრების საშუალებას კომუნისტები არ აძლევდნენ. 1947 წელს 17 წლის სოროსი ინლისში გადავიდა საცხოვრებლად და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჩააბარა. სწავლის პარალელურად, სოროსი შავ სამუშაოებზე მუშაობდა, ცოტა მოგვიანებით კი სხვდასხვა პროდუქტებით ვაჭრობდა.
1954 წელს, ჯორჯმა ინგლისში კომერციულ ბანკში დაბალ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. 1956 წელს აშშ-ში, ნიუ იორკში გადავიდა სამუშაოდ, კერძოდ, ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე საბროკერო კომპანიაში. 1961 წელს აშშ-ის ხელისუფლებაში ჯონ კენედი მოვიდა და ფინანსურ ოპერაციებზე გადასახადები გაზარდა. სოროსის ბიზნესი ძველებური წარმატებით ვეღარ ვითარდებოდა და საცხოვრებლად ისევ ევროპაში დაბრუნდა.
1966 წელს 100 000 დოლარის კაპიტალით საკუთარი საინვესტიციო ფონდი დააფუძნა. ფონდი საკმაოდ მომგებიანად მუშაობდა და 1969 წელს ჯორჯმა უკვე 4 მლნ დოლარიანი ახალი ფონდი “დაბლ იგლს“ დაარსა, სადაც მისი წილი 250 000 დოლარი იყო. 1973 წელს ფონდის აქტივები უკვე 12 მლნ დოლარი იყო. სოროსი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად იქცა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ფონდი მოგვიანებით “ქვანტუმ“ ფონდმა ჩაანაცვლა და მისი აქტივები 1981 წლამდე 400 მლნ დოლარამდე გაიზარდა. სწორედ, ამ ფონდს უკავშირდება სოროსის მიერ განხორციელებული ცნობილი სპეკულაციური ოპერაციები. ყველაზე გამორჩეულია 1992 წლის 16 სექტემბერი, როცა ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გაცვლითი კურსის კლებით, ერთ დღეში მილიარდი დოლარი იშოვა. სოროსი ისე ერეოდა ფინანსური ბაზრების მუშაობაში და აკეთებდა ფულს, რომ კანონებს არ არღვევდა. მხოლოდ ერთხელ, საფრანგეთში მოუწია სამართალდამცავებთან შეხება ჰქონოდა, როცა სახელმწიფო მოხელეებისგან ინფორმაციის მიღებას ედავებოდნენ. საბოლოოდ, 3 მლნ დოლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწია. Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად მისი აქტივების ღირებულება 8.6 მილიარდი აშშ დოლარია.

3 იან კუმი
იგი უკრაინაში დაიბადა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დედამ აშშ-ში წაიყვანა საცხოვრებლად. მამა უკრაინაში დარჩა. ემიგრანტები ღარიბულად ცხოვრობდნენ - დედა ბავშვების მომვლელად მუშაობდა, იანი სუპერმარკეტში იატაკებს წმენდდა. მამასთან საუბარს ხშირად ვერ ახერხებდნენ ძვირად ღირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის გამო. მოგვიანებით ჰაკერების კლუბის "w00w00" წევრი გახდა. მან Yahoo-ში პოგრამისტად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით იგი WhatsApp-ის თანადამფუძნებელი გახდა. ამჟამად მისი ქონება 9.8 მილიარდ აშშ დოლარ არის შეფასებული.

4 რომან აბრამოვიჩი
იგი ებრაულ ოჯახში დაიბადა. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა – ერთი წლის იყო, როდესაც დედა დაკარგა, სამი წლის შემდეგ კი მამაც გარდაიცვალა. რომანი 10 წლამდე უხტაში, ბიძის ოჯახში იზრდებოდა, შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში, სხვა ბიძასთან გადავიდა, სადაც სკოლა დაამთავრა. რომანოვიჩის უმაღლესი განათლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ ის აქტიურ კომერციულ საქმიანობას 1990-იან წლებში შეუდგა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკის მასიურ ლიბერალიზაციასთან ერთად საბირჟო საქმიანობით დაინტერესდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ნავთობს ყიდულობდა, შემდეგ კი საექსპორტო ლიცენზიით უცხოეთში ყიდდა. Forbes-ის მონაცემებით, აბრამოვიჩის ქონება 12.4 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

5 – ოპრა უინფრი
ღარიბ ოჯახში დაბადებულმა ოპრამ შეძლო და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ამერიკული ოცნების ყველაზე დიდი მაგალითი გახდა. 1986 წლის 8 სექტემბერს პირველად გავიდა ოპრა უინფრის შოუ, გადაცემა, რომელმაც ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს სტატუსი 25 წელზე მეტხანს შეინარჩუნა. ოპრას ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ბავშვობაში კარტოფილის ტომრისგან შეკერილი ტანსაცმლით დადიოდა.
ოპრა უინფრი პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც მილიარდერი გახდა. იგი ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს ქველმოქმედებაში. მას აქვს ფონდი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ განათლების მიღების საშუალება ყველას ჰქონდეს. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 2.6 აშშ დოლარად ფასდება.


