მარიამ ქვრივიშვილი: „ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე მუშაობის პროცესში FDI როლი წამყვანი იქნება“
07/05/2021 10:26:17 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართელოში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, ქვეყანაში სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარებისათვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად უცხოურ ინვესტიციებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე მუშაობის პროცესში, FDI როლი წამყვანი იქნება,– აცხადებს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მარიამ ქვრივიშვილი.
მისივე თქმით, რამდენადაც ურთულესი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო კოვიდ-პანდემიამ, იმდენად ჩვენი მოვალეობაა ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ. გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და კონკურენტუნარიანობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ინვესტორებისათვის:
„დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი - ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი და სლოვაკეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრია. გარდა ამისა, ის სულ ახლახანს წარადგინეს მცირე და საშულო საწარმოების ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.
მისი საერთაშორისო გამოცდილებით, სტრატეგიული სამიზნე ბაზრების სრუფლასოვანი ცოდნითა და კონტაქტებით ის აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.
წარმატებებს ვუსურვებ ვაზილ ჰუდაკს და მთელს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს!“.


